საქართველოს უნივერსიტეტის ღირსების კოდექსი
სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ, საუნივერსიტეტო ღირსების კოდექსის რედაქტირება დასრულდ ა 2005 წლის 25 ნოემბერს. კოდექსი ასახავს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ- მასწავლებლების უნივერსიტეტში საზოგადო ქცევის ერთობლივად შემუშვებულ წესებსა და ნორმებს.
პრეამბულა
უნივერსიტეტი თავისუფალ საზოგადოებაში უნდა ემსახურებოდეს სიმართლისა და ცოდნის ძიებას, რაც უნდა განხორციელდეს ჯანსაღი კამათის, განსჯისა და გახსნილი, ღია ურთიერთობების საფუძველზე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ეს მიზნები, აუცილებელია უნივერსიტეტის წესებისადმი დამორჩილება.
უნივერსიტეტის ყველა წევრი უნდა მოიქცეს ეთიკის ნორმების დაცვით, პატივს სცემდეს სხვების ადამიანურ ღირსებას და თავი შეიკავოს სხვისთვის ზიანის მომტანი საქციელის: ძალადობის, ქურდობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფანატიზმისაგან. უნივერსიტეტის ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, სახელმწიფო კანონებს, უნივერსიტეტის ღირსების კოდექსსა და წესდებას. უნივერსიტეტის წევრებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას და აღიარონ თითოეული სტუდენტის უფლება, მიიღოს განათლება ძალადობის, დისკრიმინაციისა და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში.
ამ დოკუმენტში აღწერილია აკრძალული, დაუშვებელი ყოფაქცევა, შესაბამისი სანქციები და უნივერსიტეტის მხრივ რეაგირების მეთოდები და წესები. სტუდენტი ვალდებულია, გაეცნოს ამ დოკუმენტში მოყვანილ ნორმებს.
სტუდენტურ დისციპლინაზე პასუხისმგებელი პირი:
სტუდენტურ დისციპლინაზე პასუხისმგებელი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია – სკოლის დირექტორი და სტუდენტური საქმეების განყოფილების უფროსი. ამავე დროს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დელეგირებულია პროფესორ-მასწავლებლებზე, სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციებზე.
კოდექსის, წესდების და კანონის დარღვევისთვის დგება სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი როგორც უნივერსიტეტის, ასევე ხელისუფლების წინაშე.
უნივერსიტეტის მიერ დისციპლინის უზრუნველყოფის საფუძველი
უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მხრივ დისციპლინარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი საფუძველია:
- დისციპლინირებული სტუდენტის პიროვნული, საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების უფლების დაცვა და უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის სათანადოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა
აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება
უნივერსიტეტში პროფესიის დაუფლებისას, სტუდენტს სწავლასთან ერთად მოეთხოვება აკადემიური ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.
ქვემოთ მოცემულია, როგორც აღნიშნული ტერმინის - აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება – განმარტება, ასევე ის ძირითადი დებულებები, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური ღირსებისა და კეთილსინდისიერების პოლიტიკა ეფუძნება.
რას ნიშნავს აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება და რატომაა ის მნიშვნელოვანი?
-
სტუდენტი შემოდის უნივერსიტეტში, რათა ისწავლოს და პროფესიულად გაიზარდოს;
-
აკადემიური დავალება, თუ სამუშაო, რომელიც ეძლევა სტუდენტს შესასრულებლად, ემსახურება სწორედ აღნიშნულ მიზანს;
-
ნაშრომის და დავალების შეფასება აჩვენებს, რამდენად სრულყოფილად იქნა მიზანი განხორციელებული;
-
ამგვარად, სტუდენტის ნაშრომი, ნიშნები და შეფასება, უნდა იყოს შედეგი აღნიშნული მიმართულებით მის მიერ პირადად გაწეული შრომისა, რომელიც მიზნად ისახავს მის განსწავლასა და პროფესიულ ზრდას.
შესაბამისად, მიუღებელია აკადემიური დავალებისა თუ სამუშაოს შესრულების ყველა სხვა გზა, რომელიც არ ეფუძნება საკუთარ შრომასა და მეცადინეობას.
აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება ნიშნავს ზემოაღნიშნული ძირეული დებულებების გაგებასა და გათავისებას, რადგანაც, სხვა გზით საუნივერსიტეტო სწავლება-განათლება ვერ შედგება.
სწავლების საფუძველია ურთიერთნდობა და პატივისცემა, რომელიც აღმოცენდება სწავლების პროცესში სტუდენტსა და პროფესორს შორის. შესაბამისად, აკადემიური ქცევის წესების დარღვევა, მაგ.; გადაწერა, ან«შპარგალკის» გამოყენება - უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო საქციელი როდია, ესაა მთელი სასაწავლო პროცესის უარყოფა.
რას ნიშნავს პლაგიატი?
ჩამოვაყალიბოთ უნივერსიტეტის ხედვა წერითი სამუშაოს შესახებ:
ყოველგვარი წერითი დავალება საკუთარი სიტყვებით სტუდენტის აზრის გამოხატვის საშუალება უნდა იყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ წერითი დავალება, სულერთია ის იწერება კლასში, თუ უნივერსიტეტის გარეთ, უნდა შესრულდეს სტუდენტის საკუთარი სიტყვებით და უნდა გამოხატავდეს მის საკუთარ ნააზრევს. თუ სტუდენტს სურს ციტირების მიზნით გამოიყენოს სხვისი ნააზრევი ან გამონათქვამი, მან უნდა გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნები. სხვისი გამონათქვამის ციტირება, თუ ის კეთილსინდისიერადაა გაკეთებული (ანუ გამოყენებულია შესაბამისი აღნიშვნები და მითითებები), რიგ შემთხვევებში ფრიად სასარგებლოცაა.
ყველა სხვა შემთხვევაში ეს აღიქმება აკადემიური ქცევის წესების დარღვევად,, ანუ პლაგიატად. პლაგიატი ნიშნავს: სხვა პიროვნების ნაშრომის, ნააზრევის ან იდეის მითვისებას. პლაგიატი, იქნება ეს სტამბური წესით გამოცემული ნაშრომიდან, საარქივო მასალებიდან, ხელნაწერიდან თუ ინტერნეტის საიტებიდან, სასტიკად აკრძალულია და მკაცრად ისჯება: სტუდენტი იღებს შეფასება «0»-ს, თუნდაც ავტორის მითითების გარეშე გამოყენებული მასალა მხოლოდ რამდენიმე ბწკარი იყოს.
პლაგიატად განიხილება შემთხვევა, როდესაც სტუდენტი, შესაბამისი მითითების გარეშე, სხვის ნააზრევს საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს, ანუ აკეთებს ავტორის იდეის ან ნააზრევის პერიფრაზს.
სუ-ში სტუდენტები გადიან სპეციალურ საგანს _ «აკადემიური წერა», რომელიც სხვა მრავალ საკითხთან ერთად ასწავლის მათ, თუ როგორ აიცილონ უნებური პლაგიატი, ანუ, როგორ მოახდინონ სხვისი გამონათქვამის ციტირება.
აკადემიურ კოლექტივში მოქმედი ქცევის წესებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევა ფასდება როგორც უღირსი აკადემიური საქციელი.
უღირსი აკადემიური საქციელი მოიცავს ქვემოთჩამოთვლილ ქცევებს, თუმცა არ ამოიწურება აღნიშნული ჩამონათვალით.
გადაწერა და ნებადაურთავი მასალების გამოყენება. ტესტი უჩვენებს, რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა მასალა. ლექტორის მიერ მასალის, სახელმძღვანელოს, წიგნების, კალკულატორის, კომპიუტერის და სხვ. გამოყენების სპეციალური უფლების არქონის შემთხვევაში, სტუდენტმა მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შეასრულოს საგამოცდო დავალება. ეს გულისხმობს იმას, რომ ტესტირების (გამოცდის) მიმდინარეობის დროს, მან დახმარება არ უნდა გაუწიოს სხვა პირებს და არც თვითონ მიიღოს დახმარება სხვებისაგან. არ უნდა გაიხედოს უკან, ან გვერდით მჯდომი თანაკურსელისკენ , არ უნდა წამოიძახოს ,, ან გადასძახოს თანაკურსელს და სხვ. მსგავსი, ყოველივე ეს ჩაითვლება გამოცდისათვის ხელის შეშლად, სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან და ის მიიღებს შეფასებას «0».
გამოცდების დროს უმძიმეს დანაშაულად ითვლება, გადაწერის მიზნით, ისეთი მასალების გამოყენება, როგორიცაა: «შპარგალკა», კონსპექტები და ა.შ. მსგავს საქციელში შემჩნეული სტუდენტი, დაუყოვნებლივ ტოვებს აუდიტორიას და იღებს შეფასებას «0», თუნდაც «შპარგალკის» გამოყენებამდე მას ფაქტობრივად დასრულებული ჰქონდეს ნაშრომი.
გამოცდაზე წიგნების, ან სხვა მასალის გამოყენება არ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლექტორის მიერ მიცემულიასპეციალური ნებართვა და, შესაბამისად, სტუდენტი მოქმედებს საჯაროდ და არა ფარულად.
კოლექტიური საშინაო დავალების შესრულებისას აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა. ხანდახან პროფესორ-მასწავლებლები ავალებენ ჯგუფს, კლასს, კურსს კოლექტიურ საშინაო დავალებას: პროექტს, რეფერატს .... კოლექტიურად მუშაობა საშინაო დავალებაზე არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაირღვეს აკადემიური ღირსების წესები. ანუ ამ დროს არ უნდა მოხდეს კოლექტივის ერთი ან რამდენიმე წევრის მიერ სხვა წევრების ნამუშევრის მითვისება
ვინაიდან, სტუდენტის პროფესიული ზრდისთვის საჭიროა, რომ საშინაო დავალება, რომელსაც მას პროფესორი აძლევს, იყოს მისი შრომის, მეცადინეობის, გამოთვლების, გააზრებისა და სხვ. შედეგი.
საგამოცდო საკითხების წინასწარი ცოდნა გამოცდების ჩატარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო, სტუდენტმა უნებურად გაიგო საგამოცდო საკითხების შესახებ, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს და საგნის ლექტორს.
პლაგიატი. თავიდან რომ ავიცილოთ პლაგიატის ყველაზე უღირსი ფორმა - სხვისი ნაშრომის ან მისი ნაწილის ინტერნეტიდან ან წიგნიდან გადმოღება – უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი აღნიშვნები (ბრჭყალები), მივუთითოთ, რომელი ავტორის, ან მასალის ციტირებას ვახდენთ და სქოლიოში აღვნიშნოთ ნაშრომის გამოცემის ადგილი, წელი და გვერდი, საიდანაც მოგვყავს ციტირებული მასალა.
უნივერსიტეტში ქცევის დისციპლინარული კოდექსი
უნივერსიტეტში ქცევის დისციპლინარული კოდექსი საუნივესიტეტო ღირსების კოდექსის შემადგენელი ნაწილია, რომლითაც სუ-ის სტუდენტებმა მუდმივად უნდა იხელმძღვანელონ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. კოდექსი არ არის დაწერილი იურიდიული დეტალებისა და კონკრეტიკის დაცვით და მის მიზანს არ წარმოადგენს დაუშვებელი, მიუღებელი ნორმების ამომწურავად ჩამოთვლა, ან განმარტება.
უნივერსიტეტის მიერ ძალაუფლების გამოვლენა:
მიზანი
უნივერსიტეტი იღებს თავის თავზე უფლებას და პასუხისმგებლობას დაიცვას უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტი და მისი ადმინისტრაცია მოვალეა, მიიღოს ზომები ისეთი სტუდენტების ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფთა დაცულობასა და უსაფრთხოებას.
უნივერსიტეტის მოთხოვნები
სტუდენტი, რომელსაც სურს სუ –ში სწავლა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-
იცავდეს საუნივერსიტეტო ცხოვრების წესს;
-
სწავლობდეს აკადემიური ჩამორჩენის გარეშე;
-
იცავდეს უნივერსიტეტის ღირსების კოდექსს.
დისციპლინური ზომების გამოყენება
უნივერსიტეტის წესდების დარღვევა აყენებს სტუდენტს დისციპლინარული ზომების გამოყენების საფრთხის წინაშე.
კანონის და წესების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პედაგოგი და მომსახურე პერსონალი უფლებამოსილია, დააყენოს კანონის დამრღვევი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დონეზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი უფლებამოსილია, განახორციელოს სხვადასხვა სანქციები (უნივერსიტეტიდან მისი გარიცხვის ჩათვლით), წესდების დამრღვევი სტუდენტის მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს ასეთი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნივერსიტეტის ფარგლებს მიღმაც – სახელმწიფოს სათანადო ორგანოების წინაშე.
სასწავლო პროცესიდან სტუდენტის დროებითი გათიშვა
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ან მის წარმომადგენელს, შეუძლია სტუდენტის გამოთიშვა სასწავლო პროცესიდან დისციპლინარული, ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აუდიტორიაში ქცევის წესები
აუდიტორიაში სტუდენტის ყოფაქცევაზე პასუხისმგებელია პროფესორ-მასწავლებელი. თუ სტუდენტი დაარღვევს წესრიგს ან კანონს და ამით ხელს შეუშლის ლექციის მსვლელობას, ლექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს სტუდენტს აუდიტორიის დატოვება. შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლექციებზე დასწრების აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ სკოლის დირექტორს, ან რექტორატის სხვა წარმომადგენელს.
უნივერსიტეტში ქცევის ზოგადი წესები (როგორც პროფესორებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის)
-
აუდიტორიებში, კაბინეტებში, ბიბლიოთეკაში, ტუალეტებში, დერეფნებში, კიბეებზე, კაფეში და უნივერსიტეტის ჰოლში სიგარეტის მოწევა სასტიკად აკრძალულია. ურჩი მწეველი საუნივერსიტეტო პოლიციის მიერ ჯარიმდება. სიგარეტის მოწევა ნებადართულია მხოლოდ: საპროფესოროში, ოთახი ¹306, თუკი ლექტორმა მიგიპატიჟათ იქ სასაუბროდ.
-
ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა ან მოხმარება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სასტიკად აკრძალულია.
-
ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა შობა-ახალი წლის, დამოუკიდებლობის დღის, ან სტუდენტთა დაბადების დღეების აღნიშვნა, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება დასაშვებია სიმბოლური, მკაცრად რეგლამენტირებული ოდენობით და ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით.
-
მობილური ტელეფონებით სარგებლობა ბიბლიოთეკასა და აუდიტორიებში ლექციების მსვლელობის დროს სასტიკად აკრძალულია. თუ თქვენ ელოდებით ზარს, ან გსურთ დაურეკოთ ვინმეს, ისარგებლეთ შესვენებებით!
უნივერსიტეტში ისჯება:
-
საუნივერსიტეტო ღირსების კოდექსის დარღვევა;
-
უნივერსიტეტში მოქმედი (წესდებაში შეტანილი) ნორმების დარღვევა;
-
სწავლის პროცესისათვის – ლექციებისა და სემინარებისათვის – ხელის შეშლა, ხმაური, საუბარი;
-
ლექციებზე მობილური ტელეფონების გამოყენება;
-
ლექტორის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა;
-
საუნივერსიტეტო დაცვისადმი დაუმორჩილებლობა;
-
სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება;
-
ნებადაურთველი შესვლა უნივერსიტეტის შენობაში;
-
უნივერსიტეტის საკუთრების გამოყენება სათანდო უფლების გარეშე (კომპიუტერის, მონაცემთა ბაზის და ხმოვანი საკომუნიკაციო საშუალებების ჩათვლით);
-
აკრძალულ ადგილებში (აუდიტორიებში, დერეფნებში და სხვა) სიგარეტის მოწევა;
-
გამიზნულად, ან დაუდევრობის მიზეზით ადამიანის უსაფრთხოებისა და უნივერსიტეტის საკუთრების საფრთხეში ჩაგდება;
-
განგებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება (ხანძრის, აფეთქების, ცრუ მუქარის ან სხვა მოვლენის შესახებ);
-
უნივერსიტეტის სამსახურების მიერ მიცემული დავალება-განკარგულებების შეუსრულებლობა;
ქვემოთ ჩამოთვლილ საქციელზე შემჩნეული სტუდენტები გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან!
-
ფალსიფიცირება, უნივერისიტეტის დოკუმენტების ან ჩანაწერების გადაკეთება და შეცვლა ნებართვის გარეშე;
-
ძალის გამოყენება, თავდასხმა, ან ძალის გამოყენების მუქარა პიროვნების მიმართ;
-
იარაღის ტარება, საშიში ნივთიერებების, ასაფეთქებლების თან ქონა;
-
სექსუალური ძალადობა;
-
ავეჯის, ტექნიკის თუ სხვა სახის საუნივერსიტეტო საკუთრების დამტვრევა-დაზიანება;
-
კედლების დახატვა-დაბინძურება;
-
ნარკოტიკული ნივთიერების და ალკოჰოლის ხმარება-გავრცელება;
-
უნივერსიტეტის საკუთრების, მათ შორის საუნივერსიტეტო ტექნიკის მოპარვა-მიტაცება;
-
უნივერსიტეტში ქურდობა-ყაჩაღობა;
-
სახელმწიფო კანონების დარღვევა;
-
ცრუმოწმეობა.
სანქციები, დისციპლინარული კომისია და სასამართლო სანქციები
საუნივერსიტეტო აკადემიური ცხოვრების წესებისა და ღირსების კოდექსის დარღვევისთვის გამოიყენება სანქციები, რომლებიც ატარებს ეტაპობრივ ხასიათს:
-
გაფრთხილება,
-
ფულადი ჯარიმა,
-
დროებით სასწავლო პროცესიდან გამოთიშვა,
-
გარიცხვა.
გარიცხულ სტუდენტებს უფლება აქვთ გაიტანონ საკითხი საუნივერსიტეტო სასამართლოზე.
დისციპლინარული კომისია და სასამართლო
უნივერსიტეტში მოქმედებს დისციპლინარული კომისია და საუნივერსიტეტო სასამართლო, რომელიც სტუდენტებთან და რექტორატთან შეთანხმებით ირჩევა და ინიშნება 4 წლით. დისციპლინარული კომისია და საუნივერსიტეტო სასამართლო განიხილავენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
დისციპლინარული სასჯელის ნიადაგზე გარიცხული სტუდენტი აღდგენას არ ექვემდებარება.

