მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 
 
სკოლის დირექტორისგან
 
მოგესალმებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ვებგვერდზე და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ვისურვებდი, რომ ეს წელი განსაკუთრებული წარმატებების მომტანი იყოს  თითოეული ჩვენი სტუდენტისთვის და უნივერსიტეტისთვის.  ჩვენი  სკოლა საქართველოს  უნივერსიტეტის ერთერთი პირველი სტრუქტურული ერთეულია და, შესაბამისად, უნივერსიტეტის წინსვლა მასზე პირდაპირ აისახება და პირიქით, სკოლის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება საქართველოს უნივერსიტეტის წარმატებაა.  წარმატებები კი ნამდვილად შესამჩნევია. პირველ რიგში ესაა  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრების პირველი გამოშვება, რომელთა საუკეთესო ნაწილი უნივერსიტეტში დასაქმდა; უცხოური ენების სწავლების თანამედროვე ცენტრი; შავი ზღვისა და კავაკასიის რეგიონის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე ყავს უცხოელი მკვლევრები: საერთაშორისო კონფერენციები კონფლიქტების მართვისა და ენების სწავლების სფეროში; ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენციები, რომელსაც სკოლა აწყობს; სტუდენტთა საველე კვლევები საქართველოსა და თურქეთში; ენების სწავლების ევროპული სტანდარტები  და  სტუდენტების სტაჟირება  გერმანიაში (მიუნსტერის უნივერსიტეტი), რომელიც ხელმისაწვდომია არა  მარტო  ჰუმანიტარული სკოლის სტუდენტებისთვის, არამედ ყველა მსურველისთვის; გაცვლითი პროგრამები გერმანიასთან და იტალიასთან, რომელიც სკოლაში მოქმედებს. ყველაფერი ეს საქართველოს უნივერსიტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის  დღევანდელი რეალობაა. სკოლაში უკვე   ჩამოყალიბდა  საკუთარი ტრადიციები. პირველ რიგში ეს ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლების თანამედროვე პრინციპებია, რომელთა მიზანია ჩვენ ქვეყანას მოუმზადოს მსოფლიოსა თუ საკუთარი ხალხის ისტორიაში, ხელოვნებაში, სულიერ და მატერიალურ კულტურაში, ფასეულობათა სისტემებში კარგად გარკვეული და როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურების მიმართ პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული, თანამედროვე, გახსნილ სამყაროში ცხოვრებისათვის შემზადებული ახალგაზრდობა, რომელთა უპირველესი თვისება ტოლერანტობა იქნება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ამჟამად მოქმედებს საბაკალავრო პროგრამები: ისტორია, ხელოვნების ისტორია,  ინგლისური, გერმანული და იტალიური ენები, უმაღლესი პროფესიული პროგრამა: გიდები, თარჯიმანი–რეფერენტები, ადამიანური რესურსების მართვა, სამაგისტრო პროგრამები; კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია, საქართველოს ისტორია. სკოლის მაგისტრანტები წარმატებულად საქმიანობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, თბილისის მერიის კულტურის სამსახურში, ეროვნულ მუზეუმში, იმყოფებიან  სპეციალური პროგრამებით უცხოეთში. სკოლაში მოქმედებს  სადოქტორო სწავლების პროგრამა  და მზადდება  თანამედროვე სადოქტორო ნაშრომები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მიუნსტერის(გერმანია) და რომის(იტალია) უნივერსიტეტთან. ყველაფერი ეს გიქმნით შესაძლებლობას მიიღოთ თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნა   და  პროფესიული უნარები, რაც თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი იქნება. სკოლაში მომხდარი ან დაგეგმილი ყველა სიახლე, შეხვედრები, ღონისძიებები, სტუდენტური ცხოვრების ამსახველი მასალა მუდმივად განთავსდება და განახლდება ჩვენ გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მარტო ამ ვებგვერდის მუდმივი სტუმრები უნდა იყოთ, არამედ აქტიურად ჩაერთოთ მისი განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში. იგი ხომ თქვენთვის და თქვენს შესახებაა.  გისურვებთ გამოიყენოთ ყველა ეს შესაძლებლობა და იყოთ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის.
 
 
სკოლის დირექტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 13.03.2010
best tracker