|
|
თეონა ჯაყელისაქართველოს ეროვნული მუზეუმის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,
პროექტის “უძველესი თბილისი” კოორდინატორი
მე უნივერსიტეტის პირველი მაგისტრანტი გახლავართ და ეს საკმაოდ სიმბოლური ფაქტი არასდროს არ დამავიწყდება, ისევე როგორც არასდროს არ დამავიწყდება უნივერსიტეტში გატარებული არაერთი საინტერესო დღე.
დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრატურა, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის სპეციალობით.
უნივერსიტეტი, სწავლების თანამედროვე სისტემებისა და სტანდარტების გამო იმ ხანად პირადად ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახლდათ.
გარდა სავალდებულო დისციპლინებისა, უნივერსიტეტში გავიარე პროექტების მენეჯმენტის სრული კურსი, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაგვიტარეს. სწორედ პროექტების მართვის შესწავლა გამომადგა მომავალში ჩემი კარიერის გაგრძელებაში.
მაგისტრატურის ბოლო სემესტრში, საქართველოს პრეზიდენტმა მისი სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა ჩემი პროექტი “ახალი თაობა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში”. საქართველოში პირველად მოვუყარეთ თავი XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების 90-იანელებისა და 2000-იანელების თაობის წარმომადგენლებს. გამოვეცით ფართომასშტაბიანი კატალოგი, რომელიც ამ თაობის ქართული ხელოვნების პირველი ბეჭდური პუბლიკაცია გახლავთ.
ჩემი სამაგისტრო თემა გახლდათ “საქართველოს კულტურის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში და კონფლიქტების მოგვარების საკითხში”. თემაზე მუშაობის პერიოდში სწავლის პარალელურად სტაჟირებას გავდიოდი საქართველოს პარლამენტის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტში, რაც დამეხმარა არჩეული თემის დახვეწასა და დასმული საკითხების ფართოდ გაშლაში.
სწავლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გავხდი. ვთვლი რომ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ და ვმუშაობ იმ ინსტიტუციაში, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქართული კულტურის პოლიტიკას, რაც ჩემი სამაგისტრო თემიდან გამომდინარე ძალიან მაინტერესებდა.
თუ მკითხავენ რა მოგცა უნივერსიტეტმა, შემიძლია გიპასუხოთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა პირველ რიგში გამომიმუშავა ის უნარ-ჩვევები რაც შემდგომ დამეხმარა ადვილად შევგუებოდი თანამედროვე სწრაფადცვალებადი ეპოქის მოთხოვნებს და წარმატებისთვის მიმეღწია კარიერაში.
|

