საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტორია
საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ისევე როგორც უნივერსიტეტი, არსებობს 2004 წლიდან. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თავდაპირველად შეიქმნა დამფუძნებელთა შემოწირულობის საფუძველზე. უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიული ალასანიამ, ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა უსასყიდლოდ საკუთარი საოჯახო ბიბლიოთეკის ერთი ნაწილი; იმავე პერიოდში, პროფესორმა მანანა სანაძემ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა 600, მისმა მეუღლემ, მერაბ თოფურიამ 800, ხოლო ძმამ, ვლადიმერ სანაძემ, 200 წიგნზე მეტი. ამერიკელმა პროფესორმა ედუარდ რაუპმა, აგრეთვე კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვირჯინია ნორდონმა და ლენსელოტ ფლეტჩერმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, ბიბლიოთეკა 3000 წიგნის ელექტრონული ვერსიით გაამდიდრეს.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებაში დიდი წვლილი შეიტანეს 2008-2010 წწ.-ში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: თამაზ ბერაძემ, მაია ჩხატარაიშვილმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, თემურ გვიმრაძემ და მარიამ ავალიშვილმა.
დღეისათვის ბიბლიოთეკას აქვს უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები ყველა იმ საგანში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამებით იკითხება. ეს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და გაიღრმავონ ცოდნა უნივერსიტეტიდან გაუსვლელად.

