დირექტორისგან
 
მოგესალმებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ვებგვერდზე და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს სკოლა საქართველოს  უნივერსიტეტის ერთერთი პირველი სტრუქტურული ერთეულია, რამდენადაც სწორედ ჰუმანიტარული, კერძოდ ამერიკათმცოდნეობისა და ევროპათმცოდნეობის მიმართულებით კვლევების წარმოება და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი  მაგისტრანტების მომზადება იყო ის საფუძველი, რომელზეც შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტი. მოგვიანებით ამას დაემატა სტუდენტ-ბაკალავრთა პირველი ნაკადი ჰუმანიტარული მიმართულებით, რომლებიც ამჟამად მეორე კურსზე არიან და განათლებისა კულტურის მენეჯმენტის  სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს პირველი გამოშვება აქვს. ჩამოყალიბდა გარკვეული ტრადიციები, რომელმაც ეს სკოლა უნივერსიტეტის დანარჩენი მიმართულებებისგან უნდა განასხვავოს. პირველ რიგში ეს ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლების თანამედროვე პრინციპებია, რომელთა მიზანია ჩვენ ქვეყანას მოუმზადოს მსოფლიოსა თუ საკუთარი ხალხის ისტორიაში, ხელოვნებაში, სულიერ და მატერიალურ კულტურაში, ფასეულობათა სისტემებში კარგად გარკვეული და როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურების მიმართ პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული, თანამედროვე, გახსნილ სამყაროში ცხოვრებისათვის შემზადებული ახალგაზრდობა, რომელთა უპირველესი თვისება ტოლერანტობა იქნება. მომავალში მათ შესაძლებლობა ექნებათ სკოლის სამაგისტრო პროგრამების დონეზე დაოსტატდნენ ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა კულტურის სხვადასხვა დარგების თუ განათლების სისტემების მართვა, ანთროპოლოგია, როგორც კულტურული ისე სოციალური, რომლის პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე თანამედროვე მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ გეგმავს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას. მიიღონ პროფესიული განათლება და გამოადგნენ ქვეყანას მიმდინარე განათლების რეფორმის პროცესში, ეროვნული მემკვიდრეობის პრევენციისა და გადარჩენის საქმეში, სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა კულტურული ტურიზმის განვითარება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ამჟამად ოცამდე სხვადასხვა დარგის პროფესორია დაკავებული. სკოლის მაგისტრანტები წარმატებულად საქმიანობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, თბილისის მერიის კულტურის სამსახურში, იმყოფებიან  სპეციალური პროგრამებით უცხოეთში. სკოლაში ამოქმედდა სადოქტორო სწავლების პროგრამა და მომზადდება პირველი სადოქტორო ნაშრომები კულტურულ და ვიზუალურ ანთროპოლოგიაში, სადაც ჩვენი პარტნიორი გერმანული მხარე იქნება. ბაკალავრიატის სტუდენტებმა უკვე გაიარეს საველე პრაქტიკა აწყურის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. დაგეგმილია თანდათანობით მათი ჩართვა უცხოელ თანატოლებთან ერთობლივ პროექტებში, მონაწილეობა საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, რაც მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ სამი წლის შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას ეყოლება  ამ მიმართულებით თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი და კონკურეტუნარიანი პირველი კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებულად დასაქმდებიან განათლების, კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში. ასევე  იმედი გვაქვს, რომ სკოლის ახალი მიღება წარმატებით გააგრძელებს არსებულ და საფუძველს ჩაუყრის ახალ  ტრადიციებს. სკოლაში მომხდარი ან დაგეგმილი ყველა სიახლე, შეხვედრები, ღონისძიებები, სტუდენტური ცხოვრების ამსახველი მასალა მუდმივად განთავსდება და განახლდება ჩვენ გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მარტო ამ ვებგვერდის მუდმივი სტუმრები უნდა იყოთ, არამედ აქტიურად ჩაერთოთ მისი განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში. იგი ხომ თქვენთვის და თქვენზეა.

წარმატებებს გისურვებთ !

სკოლის დირექტორი თინათინ ღუდუშაური