დირექტორისაგან

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შესაძლებლობას გაძლევთ სრულყოფილად დაეუფლოთ იურიდიულ განათლებას. მოწინავე პროფესორები, რომელთა უმრავლესობას იურიდიული განათლება აშშ-სა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, თანამედროვე მეთოდოლოგიით გაზიარებენ სამართლის თითოეულ დარგს.
 
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში არსებულ სამართლის სკოლაში ყველა პირობა არსებობს წარმატებული სწავლისათვის. გარემონტებული შენობა, თანამედროვე ტექნიკური საშულებები,  თანამედროვე ბიბლიოითეკა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის სკოლას სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან კონკურენციის კარგ წინაპირობას აძლევს.
 
სამართლის სკოლის მართვა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებს ემყარება, რაც პირველ რიგში სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას, მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის უშუალო ურთიერთობასა და თავისუფალი ატმოსფეროს შექმნას ნიშნავს.
 
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამედროვე ბიბლიოთეკაში არის სამართლის სხადასხვა დარგის შესასწავლად საჭირო ყველა წიგნი, მათ შორის ლიტერატურა და სახელმძღვანელოები. უნივერსიტეტის კომპიუტერულ ქსელში არსებული სპეციალური პროგრამით იხილავთ როგორც ყველა მოქმედ კანონს, ისე მოიპოვებთ ინფორმაციას კანონმდებლობაში განხორციელებული ყველა ცვლილებების შესახებ. შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერული კლასით, სადაც უზრუნველყოფილია მუდმივი კავშირი ინტერნეტთან.
 
სამართლის სკოლაში სასწავლო პროცესი ძირითადად ორიენტირებული იქნება პრაქტიკაზე. ჩვენი მიზანია სამართლის მეცნიერებასა და იურიდიულ პრაქტიკას შორის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული იურიდიული კლინიკა უზრუნველყოფს თქვენს მივლინებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, რაც თქვენი დასაქმების კარგი შანსია. ჩვენი უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლების აღნიშნულ შტოებთან.
 
თეორიულ ნაწილთან ერთად, სამართლის სკოლაში სასწავლო პროცესი უმთავრესად სამართლის გამოყენებისა და შეფარდების პრობლემატიკას დაეთმობა, რითაც პრაქტიკოსი იურისტის საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს დაეუფლებით.
 
სკოლაში, გარდა საბაკალავრო პროგრამისა, რომელ საფეხურზეც შეიძენეთ იურისტისათვის საჭირო სრულყოფილ თეორიულ ცოდნას, მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რაც საშუალებას მოგცემთ ბაკალავრიატის წარმატებით გავლის შემთხვევაში დახელოვნდეთ სამართლის ვიწრო სპეციალიზაციით და გაიკვლიოთ გზა სამეცნიერო ასპარეზზე.
 
სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ინგლისური ენის შესწავლის ინტენსიურ კურსს, განსაკუთრებით ინგლისურად იურიდიული ტერმინოლოგიის შესწავლას რათა შეძლოთ ინგლისურენოვანი იურიდიული ლიტერატურის, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის თავისუფლად გაგება, გადმოცემა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება. ეს კარგი საფუძველი იქნება თქვენთვის იმ უცხოურ უნივერსიტეტში მივლინებისათვის, რომელთანაც ჩვენ გაცვლითი პროგრამებით ვთანამშრომლობთ. თქვენ იქნებით კონკურენტუნარიანი უცხოურ ორგანიზაციებსა თუ ფირმებში იურისტად მუშაობისთვის.
 
მათ, ვისაც სამეცნიერო მუშაობა აინტერესებს სამართლის სკოლა სთავაზობს პედაგოგების მეთოდურ ხელმძღვანელობას, უცხოური ლიტერატურის სიუხვესა და განსაკუთრებულ შემთხვევაში დასავლეთის ცნობილ უნივერსიტეტებში სამეცნიერო მივლინებას. უნივერსიტეტში არსებული გამომცემლობა თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ გამოაქვეყნოთ თქვენი სტატიები.
 
ჩვენ მზად ვართ, მთავარია თქვენი გადაწყვეტილება და მონდომება.
ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილით
 
სამართლის სკოლის დირექტორი
ლევან იზორია