სადისერტაციო ნაშრომის მომზადების პროცესში დისერტანტს დასჭირდება შემდეგი 8 საფეხურის გავლა:
პირველი საფეხური - თემის შერჩევა
სადოქტორო ნაშრომის თემას დოქტორანტი ადგენს სკოლის დირექტორთან, დაცვის საბჭოსთან, ან სამეცნიერო-საკვლევი ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ დოქტორანტს, სადოქტორო პროგრამით სწავლის დაწყებისას, უკვე აქვს კონკრეტული ინტერესი, თემის განსაზღვრა ხშირად ყველაზე რთული საფეხურია სადოქტორო ნაშრომის წერის პროცესში. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მიიღოს იმ კვალიფიციური სპეციალისტების რჩევა და აზრი, რომლებიც იზიარებენ სტუდენტის ინტერესებს.
მეორე საფეხური - კონცეფციის წარმოდგენა
•სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა ოფიციალურად იწყება იმით, რომ სტუდენტმა მოხსენების სახით დაცვის საბჭოს უნდა წარმოუდგინოს მომავალი ნაშრომის კონცეფცია. ასეთი მოხსენება მომავალი ნაშრომის საფუძველად იქცევა. მოხსენების მიზანია ნაშრომის მთავარი იდეის გაჟღერება, საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მოკლე კომენტარი, და კვლევისათვის სათანადო მეთოდოლოგიის შემოთავაზება. მოხსენების სახით სამომავლო კვლევის კონცეფციის წარმოჩენა დაცვის საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრების, მათ შორის ხელმძღვანელის წინაშე სტუდენტს საშულებას მისცემს, კვლევის დაწყებამდე (ან ადრეულ ეტაპზევე) მიიღოს რჩევა, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული საკვლევი თემა, რამდენად სწორადაა განსაზღვრული კვლევის ობიექტი და რამდენად მიზანშეწონილია შემოთავაზებული მეთოდოლოგია.
•დაცვის საბჭოს ამავე სხდომაზე დაზუსტდება თემის სავარაუდო სათაური და დამტკიცდება საკვალიფიკაციო თემა, რასაც დაცვის საბჭოს მდივანი გააფორმებს სათანადო ოქმით.
•სხდომაზე ოფიციალურად დასახელდება და დამტკიცდება ხელმძღვანელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი შეავსებს შესაბამის ბლანკს და ხელმოწერით დაადასტურებს თავის თანხმობას აღნიშნული სტუდენტის დასახელებული ნაშრომის ხელმძღვანელობის თაობაზე. ბლანკი და სხდომის ოქმი ინახება საბჭოს მდივანთან, ანუ სადოქტორო სწავლების მენეჯერთან.
•ინახება კონცეფციის ასლი CD-თან ერთად, თუ კონცეფცია წარმოდგენილია (Power Point) პრეზენტაციის სახით (რაც სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო).
მესამე საფეხური - წინასწარი განაცხადი და მისი შემადგენელი ნაწილები
მას შემდეგ, რაც სადისერტაციო საბჭო დაამტკიცებს კვლევის კონცეფციას, კანდიდატს შეუძლია დაიწყოს მუშაობა წინასწარი კვლევის განაცხადზე. ეს განაცხადი, რომელშიც ავტორის პროექტი ძირითადად აღწერილია გრამატიკულად მომავალ დროში, მოიცავს ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მომავალი დისერტაციის თავებისათვის. კვლევის განაცხადი უნდა დაიწეროს დისერტაციის მსგავსი სტილით და ფორმატით, მაგრამ არსებული სხვაობის შენარჩუნებით (აღნიშნული სხვაობის განმარტებისათვის იხილეთ აფა -ს სახელმძღვანელო). სადისერტაციო ნაშრომი და განაცხადი განსხვავდება, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ გამოსაყენებელი მეთოდების მითითებისას იხმარება მომავალი დრო, რადგან ამ ეტაპზე სამუშაო ჯერ არ არის შესრულებული. აგრეთვე კვლევის მიზანი განაცხადში ახსნილია აწმყო დროში, ხოლო კვლევის დასრულების შემდეგ, დისერტაციაში - წარსულ დროში. საბოლოოდ დისერტაციაში, წინასწარ განაცხადში განხილული საკითხები ხელახლა განიხილება უკვე სათანადო გრამატიკული დროების მონაცვლეობით, ვინაიდან სამუშაო ამ ეტაპისათვის უკვე დასრულებულია.
ზოგადად, წინასწარი განაცხადი გამოიყენება, როგორც მომავალი დისერტაციის თავების საფუძველი, რომელიც შემდგომ დაიხვეწება და გაფართოვდება. მაგალითად, განაცხადის ლიტერატურული მიმოხილვა, ხშირად განახლებას მოითხოვს ხოლმე. მეორე მხრივ, საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები არ უნდა შეიცვალოს ან გადაკეთდეს, რათა შემდგომში ჩატარებულ კვლევასთან და შედეგებთან შესაბამისობა არ დაირღვეს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ საბოლოო დოკუმენტში გამოყენებულ იქნას სწორი გრამატიკული დრო. ლიტერატურის მიმოხილვაში, მაგალითად, წარმოდგენილი კვლევის მეთოდების განხილვა ძირთადად არ ხდება წარსულ დროში. ავტორის ზოგადი დასკვნები, როდესაც ისინი კვლევის შედეგების აღწერას ეხება, წარმოდგენილია ძირითადად აწმყო დროში (მაგ. ქორიძე და ნოდია თვლიან, რომ ტესტი მხედველობისა და სივრცისეული აღქმის სანდო ინდიკატორია.......). როგორც უკვე აღინიშნა, განაცხადის ტექსტი, რომელიც გამოსაყენებელ მეთოდებს, მომავალ დროში აღწერს, უნდა გადაკეთდეს და შეიცვალოს წარსული დროის ფორმებით მაშინ, როდესაც საუბარია უკვე ჩატარებულ სამუშაოზე, ანუ როდესაც ავტორი წერს დისერტაციის საბოლოო ტექსტს. წინასწარი განაცხადი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: თავფურცელი, მიმოხილვა, სარჩევი, თავი I – შესავალი, ანუ პრობლემის განსაზღვრა, თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა, თავი III – მეთოდოლოგია; გამოყენებული ლიტერატურა, ანუ ბიბლიოგრაფია, დანართები.
თავფურცელი
განაცხადის წარდგენისა და მისი განხილვის დროს შესაძლებელია სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდების დაზუსტება, ან ერთგვარად შეცვლაც კი. დისერტაციის სათაური, უნდა იყოს ნაშრომის ზუსტი განზოგადება და არ აღემატებოდეს 15 სიტყვას. ზედმეტი სიტყვები, როგორიცაა “... საკითხის კვლევა..” ყოველთვის უნდა იქნეს გამოტოვებული. დასახელება უნდა მოიცავდეს ძირითად ტერმინებს, რომელბშიც აისახება კვლევის ბუნება და საკითხის განხილვის სივრცე. ნაშრომის სათაური იწერება მთავრული ასოებით. თავფურცელზე მოყვანილია შემდეგი ინფორმაცია: დისერტაციის დასახელება, ავტორის სახელი, სიტყვები «დამტკიცებულია სუ-ის .... სკოლის დაცვის საბჭოს მიერ» ამას მოსდევს საბჭოს წევრთა სახელები, ხარისხებისა და საუნივერსიტეტო თანამდებობის მითითებით და ხელმოწერებისათვის გამოტოვებული ადგილები, სადაც ხელს აწერენ კომისიის წევრები (თავმჯდომარით დაწყებული) და უთითებენ განაცხადის მიღების თარიღს.
მიმოხილვა
განაცხადის მიმოხილვა არის დისერტაციის, ან საპრეზენტაციო პროექტის კვლევის არსისა და მოსალოდნელი მიმართულების მოკლე აღწერა. მასში უნდა აისახოს საკითხის კვლევის თანამედროვე პრობლემებში ავტორის კომპეტენტურობა, მოხდეს საკვლევი პრობლემების და ჰიპოთეზების დასმა, რომლებიც ეფუძნება მეცნიერთა მიერ გაკეთებულ და სამეცნიერო ლიტერატურაში ასახულ აღმოჩენებს. მიმოხილვაში მკვლევარმა მოკლედ უნდა აღწეროს შემოთავაზებული მეთოდები და მოსალოდნელი შედეგები.
სარჩევი
არსებითად, განაცხადის სარჩევში ჩამოთვლილია განაცხადის ყველა ნაწილი გვერდების შესაბამისი ნუმერაციით. ეს ნაწილები ძირითადად მოიცავს შემდეგს: თავფურცელს, მიმოხილვას, სარჩევს, შესავალს, ან პრობლემის განსაზღვრას, ლიტერატურის მიმოხილვას და საკვლევ საკითხებს, მეთოდოლოგიას, დანართებს და გამოყენებული ლიტერატურის სიას. სარჩევი უნდა დაიბეჭდოს ერთბწკარიანი შუალედით (single-spaced)
თავი I. შესავალი, ან პრობლემისა და მიზნების განსაზღვრა
შესავალში დაისმის დისერტაციაში განსახილველი პრობლემა (უფრო ვრცლად, ვიდრე მიმოხილვაში). მოცემულია კვლევის ბუნების და მიზნის აღწერა, საუბარია საკვლევ საკითხებზე, ყურადღება მახვილდება კვლევის ჩატარების დასაბუთებასა და მნიშვნელობაზე. ამავე თავში დისერტანტი განმართავს ტერმინოლოგიას, რომელსაც იყენებს ნაშრომში.
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
აღნიშნული ნაწილი მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას, რომელიც უშუალო კავშირშია თემასა და პრობლემასთან. საკვლევი საკითხები თვალნათლივ უნდა დაუკავშირდეს კვლევის უკვე არსებულ მიმართულებებს და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ თვალსაზრისებს. ამ თავში დაწვრილებით უნდა აღიწეროს ყველა წინასწარ ჩატარებული სამუშაო, აგრეთვე კონკრეტული საკვლევი საკითხვები და ჰიპოთეზები, რომელბიც შემდგომ დამუშავდება დისერტაციაში. საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა განათავსებს ნაშრომს უკვე განხორციელებული კვლევების კონტექსტში. აფა-ის სახელმძღვანელოს თანახმად: «ადრინდელი შრომების მეცნიერული მიმოხილვა წარმოადგენს მეცნიერული აზრის ისტორიას და წარმოაჩენს ჩასატარებელი სამუშაოს უპირატესობას სხვა, მანამდე ამ საკითხზე შექმნილ შრომებთან მიმართებაში. ავტორის მეცნიერულ პასუხისმგებლობაში შედის მისი საკვლევი ობიექტის ირგვლივ მანამდე შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების ციტირება და მასზე წინ ჩატარებული მეცნიერული კვლევების კონკრეტული მიღწევების აღიარება».
თავი III. მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიური ნაწილი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. როგორც წესი, აღნიშნული ნაწილი იყოფა რამდენიმე ქვეთავად. ხშირად, ქვეთავს, რომელშიც მოყვანილია ინფორმაცია ექსპერიმენტის მონაწილე სუბიექტების შესახებ, მოსდევს ქვეთავი, სადაც აღწერილია მონაწილეებზე ჩატარებული ტესტები ან სხვა საზომი პროცედურები. ამას მოსდევს ქვეთავი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ, რა მეთოდით მოხდება, დასმული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მიღებული გამოთვლების ანალიზი.
გამოყენებული ლიტერატურა/ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურის სია განაცხადის ბოლოს უნდა მოიცავდეს ყველა ნაშრომს, რომელიც ციტირებულია განაცხადში. მეორე მხრივ, ტექსტი უნდა შეიცავდეს ყველა იმ წყაროს ციტირებას, რომელიც მითითებულია გამოყენებულ ლიტერატურაში.
დანართები
განაცხადის დანართები უნდა მოიცავდეს მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტებს, მაგ. ინსტიტუციური განხილვის საბჭოს მონაცემებს, თანხმობის ფორმებს, თემასთან გაცნობის საკითხებს, კითხვარებს, გამოკითხვის ფორმებს, და ა. შ. დანართების ნაწილი უნდა იწყებოდეს საკუთარი თავფურცლით, რომელსაც მოსდევს მისივე სარჩევის გვერდი. ყველა დანართს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თავფურცელი. სიტყვა “დანართი” მთლიანად უნდა დაიწეროს დიდი ასოებით.
მეოთხე საფეხური - კვლევა
სტუდენტის მთავარი მრჩეველი კვლევის და ნაშრომის წერის პროცესში არის კონსულტანტ-ხელმძღვანელი. მას რჩევისათვის შეუძლია მიმართოს ასევე სკოლის ხელმძღვანელსა და დაცვის საბჭოს ნებისმიერ წევრს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კვლევებს, რომლებიც ადამიანს ეხება, მათ დაწყებამდე და მონაცემთა შეგროვებამდე, სჭირდება ადამიანურ საკითხთა საინსტიტუციო საბჭოს (ასსს-ს) თანხმობა. დოქტორანტი, ვალდებულია კვლევის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას გამოკვლეული ჯგუფების ეთიკური და პიროვნული ღირსება.
მეხუთე საფეხური - დისერტაციის დაწერა
დისერტაციის დაწერა-გაფორმება დოქტორანტის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სუ იყენებს დისერტაციის წერის იმ სტილს, რომელიც ასახულია ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის (აფა-ს) სახელმძღვანელოში:
დოქტორანტი მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს აღნიშნული სახელმძღვანელოს რეკომენდაციებს და გამოიყენოს უნივერსიტეტში ამ მიმართულებით არსებული რესურსები, მათ შორის სუ-ის წერის ცენტრი.
მეექვსე საფეხური – ნაშრომის დაცვის თარიღის დანიშვნა
როდესაც დოქტორანტი კვლევას დაასრულებს, დაწერს დისერტაციას, ხოლო ხელმძღვანელ-კონსულტანტი, დაცვის საბჭოს მდივანი და თავმჯდომარე, შესაძლოა დაცვის საბჭოს სხვა წევრებიც მის ნაშრომს გაეცნობიან და მას, როგორც ფორმალურად, ისე შინაარსობრივად დაცვისათვის მომზადებულად მიიჩნევენ - სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე მოიწვევს დაცვის საბჭოს სხდომას და ოფიციალურად შეათანხმებს დაცვის თარიღს.
ამავე სხდომაზე თავმჯდომარე საბჭოს წევრებიდან გამოყოფს 2 ექსპერტს (აღნიშნული ექსპერტები, როგორც შესაბამისი სფეროს ვიწრო სპეციალისტები, იმთავითვე ამ მიზნით იყვნენ შეყვანილი დაცვის საბჭოში) და მათ ოფიციალურად გადასცემს დისერტაციას ექსპერტიზისა და შეფასებისათვის. თავმჯდომარე აგრეთვე გადასცემს დისერტაციის ეგზემპლარებს საბჭოს თითოეულ წევრს, რომლებიც ვალდებულები არიან გაეცნონ დისერტაციას და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები.
დროის შუალედი დაცვის თარიღის დანიშვნიდან დაცვამდე არ უნდა იყოს ერთ თვეზე (30 დღე) ნაკლები და 6 კვირაზე (45 დღე) მეტი. ეს შუალედი საჭიროა იმისათვის, რომ საბჭოს თითოეული წევრი დაწვრილებით გაეცნოს ნაშრომს და მოამზადოს თავისი არგუმენტები.
როგორც დაცვის თარიღის დანიშვნა, ისე ექსპერტების გამოყოფა გაფორმდება შესაბამისი ოქმით და მას ხელს მოაწერს დაცვის საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მეშვიდე საფეხური: ნაშრომის დაცვა
სადოქტორო ნაშრომის დასრულების შემდეგ, მის საჯარო პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე ჩატარდება ნაშრომის დაცვა. დაცვა ტარდება იმ სკოლაში, რომელშიც მომზადდა სადოქტორო ნაშრომი და რომელი სკოლის სტუდენტიც არის დოქტორანტი. დაცვას ესწრება დაცვის საბჭო.
პროცედურა:
•საბჭოს მდივანი (იგივე სადოქტორო სწავლების მენეჯერი), საბჭოს აცნობს დოქტორანტის სადოქტორო პროგრამით მუშაობის სამ წლიან შედეგს: დაგროვილ კრედიტებს - ჩატარებულ კურსებს, პუბლიკაციებს, კონფერენციებზე მონაწილეობას, სამეცნიერო რეცენზიებს, თუ ასეთები არსებობენ დისერტანტის გამოქვეყნებულ შრომებზე, ან საკონფერენციო გამოსვლებზე. ის აგრეთვე საბჭოს გააცნობს დისერტაციის მიმართულებით დაცვის საბჭოს სხდომების საერთო რიცხვს და თითოეული სხდომის ოქმში დაფიქსირებულ გადაწყვეტილებას, რაც, ფაქტობრივად, წარმოაჩენს დისერტაციის მომზადების ისტორიას.
• დაცვის მსვლელობისას დოქტორანტი აცნობს საბჭოს ნაშრომს, ნაშრომზე მუშაობის მეთოდოლოგიას და ა. შ., მოხსენება გრძელდება 30-40 წთ.;
•ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებს (5/7) აცნობს ექსპერტთა და დანარჩენ საბჭოს წევრთა რეცენზიებს (თვით საბჭოს თავმჯდომარე, არ იძლევა რეცენზიას, თუმცა მას შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი და შენიშვნები);
•დისერტანტი თანმიმდევრულად პასუხობს რეცენზიებში გამოთქმულ შენიშვნებს თუ დასმულ კითხვებს;
•მიმდინარეობს ნაშრომის დაწვრილებითი განხილვა: საბჭოს წევრები სვამენ შეკითხვებს, რომლებსაც დისერტანტი პასუხობს დამაჯერებელად და ამომწურავად.
დაცვის მთელი პროცესის მიზანია დაცვის საბჭოს მხრივ ნაშრომთან და ხარისხის მაძიებელთან ყოველმხრივი გაცნობა და გადაწყვეტა: იმსახურებს, თუ არა ის საძიებელ ხარისხს.
საბოლოო გადაწყვეტილებას დაცვის საბჭო იღებს დახურულ კარს მიღმა, დისერტანტი არ ესწრება გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაცვის საბჭო დაწვრილებით აცნობებს დოქტორანტს სამუშაოში არსებული ხარვეზების თაობაზე და აძლევს საშუალებას დახვეწოს და წარმოადგინოს თავისი ნაშრომი ერთი სემესტრის (16 კვირის), ან ერთი სასწავლო წლის (32 კვირა) შემდეგ.
•ასეთ შემთხვევაში დოქტორანტმა, ნაშრომის სისრულეში მოყვანის მიზნით პროგრამაში დარჩენისა და საუნივერსიტეტო მომსახურებით სარგებლობისათვის, უნდა აიღოს ერთკრედიტიანი «მუდმივი რეგისტრაცია»
•ერთკრედიტიანი «მუდმივი რეგისტრაციის» არაღების შემთხვევაში დოქტორანტი ამოირიცხება პროგრამიდან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში საბჭო აცნობს სტუდნტს იმ შენიშვნებს, რომლებიც მან უნდა გამოასწოროს საჯარო პრეზენტაციამდე. საჯარო პრეზენტაცია გაიმართება დაცვიდან ზუსტად ერთი თვის თავზე. ეს დრო სჭირდება დისერტანტს, რომ გაითვალისწინოს შენიშვნები და დაბეჭდოს დისერტაციის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც საჯარო პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე დაურიგებს დაცვის საბჭოს წევრებს.
მერვე საფეხური - ნაშრომის საჯარო პრეზენტაცია
დაცვის წარმატებით ჩავლის შემდეგ, დაცვის საბჭოს მდივანი საუნივერსიტეტო PR-ის სამსახურის მენეჯერს გადასცემს განაცხადს დისერტაციის საჯარო პრეზენტაციის შესახებ, შესაბამისი აუდიტორიის, თარიღისა და დროის მითითებით, რათა მან სათანადოდ გააფორმოს და გამოაკრას ის შესაბამის დაფაზე და მოათავსოს საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე. ამ განაცხადის მეშვეობით მოხდება დაცვაზე საბჭოს წევრებისა და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლების მოპატიჟება. PR-ის სამსახურის მენეჯერი სკოლის დირექტორის მითითებით, დაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაცვის თარიღის შესახებ სასკოლო და საუნივერსიტეტო პროფესურას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაცვამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე.
საჯარო დაცვის მიზანია უნივერსიტეტს და სამეცნიერო საზოგადოებას ზოგადად გააცნოს დოქტორანტი და მისი ნაშრომი. საჯარო პრეზენტაციაზე დაცვის საბჭოს თავმჯდომარე საზეიმოდ გააცნობს დამსწრე საზოგადოებას დოქტორანტს და მის ნაშრომს, ასევე, ნაშრომის თაობაზე საბჭოს აზრსა და გადაწყვეტილებას, შენიშვნებს, რომლებიც დისერტანტს მიეცა საჯარო პრეზენტაციამდე გამოსასწორებლად და აუწყებს, რომ დისერტაცია შესწორებულია, ხოლო შენიშვნები გათვალისწინებული.
ამის შემდეგ დისერტანტი ახდენს თავისი ნაშრომის პრეზენტაციას (Power Point-ში), რისთვისაც მას ეძლევა 30-40 წთ.
მეცხრე საფეხური - ნაშრომის საბოლოო რედაქციის ჩაბარება
საჯარო პრეზენტაციაზე დისერტანტმა საბჭოს წევრებისაგან კვლავაც შეიძლება მიიღოს შენიშვნები (ძირითადად ტექნიკური ხასიათის), რომელთა გათვალისწინება უნდა მოხდეს დისერტაციის საბოლოო რედაქციაში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაცვის საბჭო მცირე ხნით დარჩება, შეაჯამებს პრეზენტაციის შედეგებს და დისრტანტთან ერთად გადაწყვეტს, თუ რა ვადა მიეცეს დისერტანტს ნაშრომის საბოლოო რედაქციის ჩასაბარებლად. განხილვის შედეგები გაფორმდება სათანადო ოქმით.
მას შემდეგ რაც საბჭო და თავმჯდომარე დისერტანტისაგან მიიღებენ ნაშრომის გასწორებულ რედაქციას, სადაც პრეზენტაციის შემდგომი ცვლილებებიცაა გათვალისწინებული, ნაშრომი გადაეცემა უნივერსიტეტის ან სკოლის რედაქტორს ტექნიკურ-სარედაქციო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
დოქტორანტმა უნდა იმუშაოს რედაქტორთან ერთად არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მას შემდეგ, რაც ნაშრომი გაივლის რედაქტირებას, დოქტორანტმა უნდა ჩააბაროს დისერტაციის ასლები. თითოეულ ასლს დაერთვება CD-ზე ჩაწერილი ნაშრომის პრეზენტაცია. ასლები გადანაწილდება შემდეგნაირად:
ეგზემპლარების რაოდენობა - 5
• დისერტაციის ორი აკინძული ამობეჭდილი ასლი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას.
•დისერტაციის ერთი აკინძული ამობეჭდილი ასლი უნდა გადაეცეს ეროვნულ ბიბლიოთეკას,
•დისერტაციის 2 აუკინძავი ამობეჭდილი ასლი უნდა გადაეცეს სკოლას. თითოეული ასლი უნდა მოთავსდეს ცალკე სათანადო ყუთში.
•დოქტორანტი არის პირი, რომელმაც წარმატებით დაასრულა სამაგისტრო პროგრამა, დაიცვა სამაგისტრო ხარისხი და სამაგისტრო პროგრამის დასრულებისთანავე, ან წლების შემდეგ გადაწყვიტა გარკვეული, მისთვის საინტერესო საკითხების მეცნიერული შესწავლა და კვლევა.
• დოქტორანტს სადოქტორო პროგრამის დაწყებისას უკვე უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც. შესაძლოა ეს პუბლიკაცია იყოს მისივე სამაგისტრო ნაშრომის ნაწილი. განსაკუთრებულ შემთხვევებს დაცვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურად.
• დოქტორანტისათვის უნივერსიტეტის მხრივ უმთავრესი და საბოლოო მოთხოვნაა სადოქტორო დისერტაციის დაცვა, მაგრამ დისერტაციის დაცვა ვერ შედგება, თუ დოქტორანტი არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და არ დააგროვებს პროგრამის სხვა ნაწილებისათვის განკუთვნილ კრედიტებს.
• დოქტორანტმა უნდა ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან და დაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან, მასთან შეთანხმებით დაგეგმოს საბჭოს სხდომები, გააფრთხილოს საბჭოს წევრები და სხვ.
• დოქტორანტმა კვლევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის საკვლევი კითხვარები, თუ ტესტები უნდა შეათანხმოს სკოლის დირექტორთან და დაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან. როდესაც დოქტორანტი მიმართავს ასსს-ას, ნებართვისათვის, მის მიმართვას დართული უნდა ჰქონდეს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობის ბარათი.
•დაცვის საბჭოს წევრებთან მუშაობისას, დოქტორანტს უნდა ახსოვდეს, რომ საბჭოს წევერბს სხვა მრავალი პროფესიული მოვალეობა აკისრიათ.
სადისერტაციო ნაშრომების დაცვა ხდება უნივერსიტეტის შესაბამისი სკოლის დაცვის საბჭოზე, რომელიც შედგება სადოქტორო ხარისხის მქონე სამი წლით არჩეული 3 მუდმივი წევრისა და 2-4 დროებითი წევრისაგან,შესაბამისად დაცვის საბჭოს წევრების რიცხვი შეიძლება ვარირებდეს 5-დან – 7 –მდე. აქედან 5 წევრი სავალდებულოა, 7 წევრიან საბჭოს გაფართოებული საბჭო ეწოდება.
დაცვის საბჭოს მუდმივი წევრები არიან: სკოლის დირექტორი (თუ აქვს დოქტორის ხარისხი), რომელიც იმავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე, და სკოლის 3 პროფესორი. შესაძლოა საბჭოს მუდმივი წევრები (სკოლის დირექტორის გარდა) უნივერსიტეტმა, ან სკოლამ ამ მიზნით სპეციალურად მოიწვიოს და ისინი არ იყვნენ სუ-ის პროფესორები.
ვადის გასვლის შემდეგ მუდმივ წევრებს ვადა შეიძლება გაუგრძელდეთ, ან მოხდეს მათი ჩანაცვლება, ჩანაცვლება შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ დროს ვადის გასვლამდეც დისერტანტის და სკოლის დირექტორის (იგივე საბჭოს თავმჯდომარე) ურთიერთშეთანხმებით, თუ ამას მოითხოვს სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკა.
დროებითი წევრის საბჭოში მოწვევა ხდება კონკრეტული დისერტაციისათვის და მათი რიცხვი შეიძლება ვარირებდეს 1-დან – 3-მდე. სასურველია ექსპერტების მოწვევა მოხდეს (2 ექსპერტი) გარედან.
•პირებს, რომელთაც არა აქვთ დოქტორის ხარისხი არ შეუძლიათ იყვნენ საბჭოს წევრები.
•საბჭოს დროებით წევრებს დისერტანტი ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. დისერტაციის მომზადების მთელი პროცესის მანძილზე საბჭოს წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, დისერტანტის კონსულტირებისა და დახმარების მიმართულებით. შესაბამისად, საბჭოს შექმნა და საბჭოს წევრთა მოწვევა დოქტორანტის პროგრამის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ხდება. თუ რაიმე მიზეზის გამო, დოქტორანტის პროგრამის დაწყების შემდეგ, რომელიმე საბჭოს წევრი გადადგა საბჭოს წევრობიდან, აუცილებელია მისი ახალი წევრით ჩანაცვლება.
•დოქტორანტმა, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უნდა იპოვოს გადამდგარი წევრის ნაცვალი. ახალი წევრის საბჭოსთან მიერთება პროცესის ნებისმიერ ეტეპზეა შესაძლებელი. საბჭოს წევრთა სხვა დაწესებულებებიდან მოწვევისას, მათი C.V.. ინახება საბჭოს მდივანთან.
სადისერტაციო საბჭოში, ბუნებრივია, უნდა შევიდნენ კველვის მეთოდიკის მცოდნე სერიოზული ექსპერტები იმ სფეროდან, რომელშიც დოქტორანტი მუშაობს.
დოქტორანტს შეუძლია საბჭოს ნებისმიერ წევრს (თუ ის ამას მნიშვნელოვნად თვლის კვლევის შემდგომი ეტაპისათვის) გააცნოს მიღწეული შედეგები. საბჭოს წევრი ვალდებულია კომენტარები დაურთოს კანდიდატის მიერ წარმოდგენილ წერილობით მასალას და დაუბრუნოს უკან მიწოდებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა; აგრეთვე ვალდებულია შეხვდეს და გაესაუბროს მას აღნიშნული მასალის მიმართულებით, თუ ამას მოითხოვს საკითხის სირთულე. კომისიის წევრებს ევალებათ წინასწარი განაცხადის და დასრულებული სადისერტაციო ნაშრომის შეფასება. ამისათვის დაცვის თარიღიდან სულ მცირე ერთი თვით ადრე, დისერტანტმა მათ უნდა მიუტანოს დისერტაციის ყველა წესის დაცვით გამზადებული აუკინძავი ეგზემპლიარი (ყუთში ჩადებული). საბჭოს ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს სადისერტაციო ნაშრომის დაცვას. გამონაკლისს წარმოადგენენ საბჭოს ის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ დაცვის ადგილიდან შორს და აქვთ გადაადგილების პრობლემა. ასეთი წევრები დისერტაციას ეცნობიან სკანირებული ელექტრონული ვერსიის სახით და ელექტრონული გზითვე აგზავნიან თავიანთ შენიშვნებსა და დასკვნას. ელექტრონული ფოსტით დასკვნა იგზავნება დოქტორანტურის მენეჯერთან, დისერტანტთან და საბჭოს თითოეულ წევრთან.
დაცვის, ისევე როგორც საჯარო პრეზენტაციის მთელი მსვლელობა: სპეციალისტთა დასკვნები, შეკითხვები, დისერტანტის პასუხები – იწერება ვიდეო ფირზე.
• სადისერტაციო კომიტეტის თავმჯდომარე სუ-ში არის შესაბამისი სკოლის დირექტორი, თუ მას აქვს დოქტორის ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რომელიმე წამყვან პროფესორს წარადგენს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დოქტორანტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია სადისერტაციო პროცესის ყველა საფეხურზე. თავმჯდომარე ნიშნავს და უძღვება წინასწარი განაცხადის წარდგენა-დაცვას, საკუთრივ დაცვას და საჯარო პრეზენტაციას. საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია კანდიდატს ტექნიკური და შინაარსობრივი რჩევა მისცეს და გაუწიოს შესაბამისი დახმარება. შესაძლოა თანა-თავმჯდოამრეობაც, როდესაც სკოლის დირექტორი საბჭოს რომელიმე წევრს (სასურველია ამ მიმართულებით გამოცდილების მქონეს), აირჩევს თანათავმჯდომარედ, ვინაიდან ის, როგორც სკოლის დირექტორი, შესაძლოა დაკავებული აღმოჩნდეს ადმინისტრაციული საქმიანობით.
•სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, შეუძლია განაგრძოს საბჭოს თავმჯდომარეობა ან თანათავმჯდომარეობა, უნივერსიტეტში სკოლის დირექტორობის, ან საერთოდ უნვიერსიტეტში მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც, 12 თვის განმავლობაში, თუ მას საბჭოს წევრობის ვადა არ ჰქონდა დასრულებული. მაგრამ 1 წლის (12 თვე) გასვლის შემდეგ მას არა აქვს უფლება საბჭოს თავმჯდომარეობის, თუნდაც მისი საბჭოში მუშაობის ვადა არ იყოს გასული. თუ სკოლის ახალ დირექტორს და საბჭოს წევრებს სურთ ძველი საბჭოს თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობა, ან საბჭოს წევრობა, მას შეუძლია გააგრძელოს საბჭოში მუშაობა, რა თქმა უნდა, ასეთი სურვილის შემთხვევაში.
საბჭო მდივანი არის იმავდროულად დოქტორანტურის მენეჯერი. ის ესწრება სკოლების დაცვის საბჭოების სხდომებს, ამზადებს შესაბამის ოქმებს, მასთან ინახება საბჭოს წევრების C. V. აქვე ინახება უნივერსიტეტში დაცული დისერტაციები, დაცვების ჩანაწერი-ვიდეო-ფირები, დისერტაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, დისერტანტის კონტრაქტი, განაცხადები და სხვ.
დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამის დაწყებისას ირჩევს კონსულტანტ-ხელმძღვანელს, შერჩევაში მას ეხმარება სკოლის დირექტორი და დაცვის საბჭოს ყველა წევრი. კონსულტანტი შეირჩევა იმ თემატიკის მიხედვით, რა მიმართულებითაც სურს მუშაობა და კვლევა დოქტორანტს. კონსულტანტ-ხელმძღვანელი ხდება დაცვის საბჭოს წევრი (თუ არ იყო მანამდე), ბუნებრივია, ის უნდა იყოს დოქტორის ხარისხის მქონე პირი. თუ დოქტორანტის მიერ შერჩეული კონსულტანტ-ხელმძღვანელი არ არის უნვიერსიტეტის თანამშრომელი, უნივერსიტეტის მიერ ხდება მისი მოწვევა ხელმძღვანელობის ვადით და ფორმდება მასთან საგანგებო კონტრაქტი. კონსულტანტ-ხელმძღვანელი აძლევს კანდიდატს რჩევებს კვლევის მეთოდებისა და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის თაობაზე, დოქტორანტი მასთან ერთად განიხილავს კვლევის შედეგებს, ამზადებს სტატიებს პუბლიკაციისათვის და საკონფერენციო მოხსენებებს. სადისერტაციო პროცესის განმავლობაში დოქტორანტი მასთან ათანხმებს შრომის სათაურს, კონცეფიას, წინასწარ განაცხადს. სამი წლის განმავლობაში დოქტორანტს კონსულტანტ-ხელმძღვანელთან აქვს რეგულარული ლექცია-სემინარები, რომლებიც მას აძლევს 30 ECTS (10 ECTS წელიწადში). საკონტაქტო საათების საერთო რაოდენობაა წელიწადში 30 სთ., სემინარების ჩატარების დრო და ვადები წინასწარაა გაწერილი.
• დაცვის დღის დანიშვნამდე სადისერტაციო ნაშრომის რედაქტორი ნაშრომს გადაამოწმებს სკოლის დირექტორთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დისერტაციის ზოგადი ფორმატი და ტექნიკური მოთხოვნები სტანდარტებს შეესაბამება. თუ ამ მხრივ ნაშრომი გამართულია, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (სკოლის დირექტორი) ნიშნავს დისერტაციის დაცვის თარიღს და ნაშრომი ურიგდებათ საბჭოს წევრებს.
•დაცვის შემდეგ, სადისერტაციო ნაშრომის გამოქვეყნებამდე რედაქტორი კვლავ გადაამოწმებს ნაშრომის საბოლოო ვარიანტს. რედაქტორი ამტკიცებს ყოველი სადისერტაციო ნაშრომის ფორმატს. ტექნიკური თვალსაზრისით ნაშრომს გადამოწმების და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ, რედაქტორი, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მისცემს საბოლოო დასტურს დაცვის საბჭოს მდივანს, უზრუნველყოფს ნაშრომის ეგზემპლარების აიკინძვას და დარიგებას. ქაღალდის დაბეჭდვის, გამრავლებისა და აკინძვის თანხებს იხდის დისერტანტი.
•ყველა კვლევითი პროექტი, რომელშიც მკვლევარების ან კვლევის ობიექტების სახით სსმუ-ს პროფესორები, თანამშრომლები ან სტუდენტები არიან ჩართული, უნდა გადაეცეს სსმუ-ს ადამიანურ საკითხთა ინსტიტუციურ საბჭოს (ასსს), რათა კველვის დაწყებამდე მოხდეს სპეციალური გადამოწმება, რომ საკვლევად გამზადებული კითხვარი, ტესტი, თუ სხვა, არ ლახავს ადამიანის უფლებებს, არ შეურაცყოფს მათ ღირსებას, ან არ აყენებს მათ სიცოცხლეს და კეთილდღეობას გარკვეულ ზიანს. ასსს-ის პროცედურები მიმართულია საკვლევი ობიექტის უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვისაკენ;
•გამოკითხულთა მიერ გაცემული ინფორმაციის კვლევაში გამოსაყენებლად, საჭიროა კვლევის დაწყებამდე დოქტორანტმა ასსს-ას წარმოუდგინოს კითხვარებთან და ჩასატარებელ ტესტებთან ერთად გამოკითხულთა თანხმობა, რომელსაც დოქტორანტი წარმოუდგენს საბჭოს კვლევის ობიექტთაAმიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმის სახით (იხ. დანართი ¹).
•კვლევებისათვის, რომლებიც შეიცავენ რისკის მინიმალურ ხარისხს არ არის სავალდებულო ასსს-ის თანხმობას.
• მინიმალური რისკი არ აღემატება რისკის დასაშვებ ხარისხს, რომელიც ადამიანს ემუქრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან რიგითი ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური შემოწმების პროცესში.
•კვლევა არის სისტემატიზირებული შესწავლა, რომელიც გულისხმობს ტესტირებისა და შეფასების გზით, შესასწავლი ობიექტის შესახებ არსებული ცოდნის გაფართოება-განზოგადოებას.
•ასსს შედგება სამართლის, ჟურნალისტიკის და ჰუმანიტარული სკოლის სამი პროფესორისაგან, რომლებსაც ამ მიზნით არჩევს კანცლერი და ამტკიცებს რექტორი.. საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ აღნიშნული სკოლების დირექტორებიც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან დაცვის საბჭოს თავმჯდომარეები. საბჭოს წევრები ინიშნებიან სამი წლის ვადით.
•რა თქმა უნდა, კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს ასსს-ს კომპეტენციის მიღმა, მაგრამ მაინც ყველა განაცხადი, რომელიც სსმუ-ში კვლევებს ეხება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა შეფასდეს ამ საბჭოს მიერ. მკვლევარი ვალდებულია საბჭოს წარუდგინოს ყველა შესაბამისი კითხვარი, თუ ტესტი, რომელთა გამოყენებითაც იგი აპირებს კვლევის ჩატარებას. მასალებს მან უნდა დაურთოს დაწვრილებითი ახსნა-განმარტება ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოს მიზნის, კვლევის სავარაუდო შედეგებისა და მათი პრაქტიკული, თუ თეორიული ღირებულების თაობაზე.
•დოქტორანტის მიმართვას ასსს-სადმი თან უნდა ახლდეს დაცვის საბჭოს თავმჯდომარისა და სკოლის დირექტორის თანხმობის ბარათიც.
•საბჭოსადმი მიმართვის ფორმა ინახება დოქტორანტურის მენეჯერთან, მასთანვე შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია ასსს-ას წევრებისა და თავმჯდომარის შესახებ. ასსს-ას ნებართვა უნდა წარედგინოს დაცვის საბჭოს წინასწარი განაცხადის გაკეთების დროს.
ზოგადი მითითება. აღნიშნულ თავში ასახული საკითხების მიმართულებით სსმუ ხელმძღვანელობს ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის (აფა - APA) მითითებებით: Pablication Manuel – მეოთხე გამოცემა; British Library Cataloguing – in – Publication Data; გამოცემულია ა.შ.შ.-ში
ენა : როგორც საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომი, ისე ფინალური პრეზენტაციის ენაა:
საქართველოს მოქალაქეებისათვის - ქართული, (25/30 გვერდიანი ინგლისური რეფერატით)
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის არჩევით – ქართული ან ინგლისური; ინგლისურის შემთხვევაში - 25/30 გვერდიანი ქართული რეფერატით
სავარაუდო მოცულობა: სადოქტორო ნაშრომის მოცულობაა – 320-400 კომპიუტერულად ნაბეჭდი თაბახი.
ფორმატი: კომპიუტერულად ნაბეჭდი თაბახი A4 - 21/29,7 სმ., სულ მცირე 80 gsm ფორმატის ქაღალდი, აფა სტილში, ანუ თავში და ბოლოში 2 სმ.; მარცხ. – 4 სმ., მარჯვნივ 1 სმ.; ბწკარებს შორისი ორმაგი მანძილით (double spacing). Microsoft Word-ის მომხმარებელთათვის: გახსენით Format/Paragraph/ Indents and Spacing/Line და აირჩიეთ “Exactly.” დააყენეთ მაჩვენებელი 24-ზე.
სქოლიო შეიძლება აიკრიფოს ერთბწკარიანი შუალედით (single-spaced)
გრძელი ცხრილები შეიძლება დაიბეჭდოს ერთბწკარიანი შუალედით (single-spaced) დისერტაცია უნდა დაიბეჭდოს ფურცლის მხოლოდ ერთ მხარეზე.
შრიფტი: დისერტაციის მთელი ტექსტი – სათაურის, გვერდების ნუმერაციის, სქოლიოს ჩათვლით - უნდა დაიწეროს ერთი და იმავე შრიფტით. გამონაკლისები კეთდება ცხრილებისა და ნახატებისათვის.
პერსონალური კომპიუტერის გამოყენებისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი დასახელების და ზომის შრიფტები:
ქართულად აკრეფის შემთხვევაში:
Litnusx - 12
Acadnusx - 11
sylfaen - 11
ინგლისურად აკრეფის შემთხვევაში:
Times New Roman - 12
Arial - 11
Bookman - 12
ტექსტის მინდვრებთან გათანაბრება
ü სასურველია ტექსტის მარცხენა მინდვრის გასწვრივ გათანაბრება, მარჯვენა ნაწილი გათანაბრების გარეშე.
ყველა დანარჩენი საკითხი
•ნაშრომის შესავალი გვერდების დანომვრა ხდება თანმიმდევრულად არაბული ციფრებით, რომელთა შრიფტი და ზომა ემთხვევა ტექსტისას. დანომვრა კეთდება გვერდის ზედა ნაწილში, მარჯვნივ.
•გვერდების დანომვრა იწყება მოკლე ბიოგრაფიიდან, რომლის გვერდის ნომერაციაა «3» (თავფურცელი და საავტორო უფლებების ფურცელი ითვლება, მაგრამ არ ინომრება: მოკლე მიმოხილვა/ანოტაციის გვერდი არ ითვლება და არც ინომრება)
• ამის შემდგომ ყოველი რუბრიკის პირველი გვერდი ინომრება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის რამდენიმე გვერდზე არის განთავსებული.
ნაშრომის შესავალი ნაწილების ჩამონათვალი
•თავფურცელი - გვერდი ითვლება, მაგრამ არ ინომრება
•საავტორო უფლებები (© Copyright) - გვერდი ითვლება, მაგრამ არ ინომრება
• მოკლე მიმოხილვა - გვერდი არ ითვლება და, შესაბამისად, არც ინომრება
•დისერტანტის მოკლე ბიოგრაფია, ამ გვერდიდან იწყება დისერტაციის დანომვრა (- 3 -) (ინომრება მხოლოდ I გვერდი)
•მიძღვნა (არასავალდებულო) - 5 - (ინომრება მხოლოდ I გვერდი)
• მადლიერების გამოხატვა - 6
•სარჩევი - 7
• ნაშრომში მოყვანილი ნახატების, ილუსტრაციების ჩამონათვალი (მათი არსებობის შემთხვევაში)- 9
•ნაშრომში მოყვანილი ცხრილების ჩამონათვალი (თუ არსებობს) - 11
•ნაშრომში გამოყენებული შემოკლებების ჩამონათვალი (არასავალდებულო) - 12
• ნაშრომში გამოყენებული სიმბოლოების ჩამონათვალი (არასავალდებულო) - 13
• წინასიტყვაობა (არასავალდებულო) - 14
დისერტაციის ძირითადი ნაწილების ჩამონათვალი
1. ტექსტი
2. დანართ(ებ)ი/ცხრილები (თუ ასეთი მოიპოვება ნაშრომში)
3. ბიბლიოგრაფია; (გამოყენებული ლიტერატურისა და ციტირებული ნაშრომების სია)
4. ლექსიკონი (არასავალდებულო)
5. საძიებლები:
პირთა, გეოგრაფიულ სახელთა და ტერმინთა საძიებელი (არასავალდებულოა)
• ინდექსი (არასავალდებულო)
• რეზიუმე, ანუ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ავტორზე (არასავალდებულო)
დისერტაცია ინომრება არაბული ციფრებით (დაიწყეთ 1-ით), ფურცლის ზედა, მარჯვენა ნაწილში, იმავე ზომითA და შრიფტით, რაც ტექსტის დანარჩენი ნაწილია. მანძილი ტექსტის ბოლო ბწკარსა და გვერდის ნომერს შორის ყოველთვის უნდა იყოს - 2,4
ტექსტში ყოველი ახალი თავი იწყება ახალი გვერდიდან.
• არ არსებობს თავების დასახელების ფორმატთან დაკავშირებული მოთხოვნები. გამოიყენება სტანდარტული ფორმატი, რომელიც შეესაბამება კვლევის ყველა დანარჩენ თავს
• ტექსტის თითოეული გვერდი, ისევე, როგორც ცხრილები და ილუსტრაციები უნდა იწყებოდეს გვერდის დასაწყისიდან, დაუშვებელია სივრცის გამოტოვება. გამონაკლისი: თუ ბიბლიოგრაფია მოთავსებულია ყოველი თავის ბოლოს, ის დაიწყება ახალი გვერდიდან, ისევე, როგორც ახალი თავი დაიწყება ახალი გვერდიდან და შესაძლოა წინა გვერდზე დარჩეს თავისუფალი ადგილი.
• თუ დისერტაცია მოიცავს ორ ტომს, მეორე ტომში უნდა გაგრძელდეს პირველი ტომის ნუმერაცია. ყოველ ტომს უნდა ჰქონდეს თავფურცლის ქაღალდი (რომელზეც, დასახელების ქვევით, მითითებული იქნება “ტომი I” და “ტომი II”). მეორე ტომის თავფურცლის ქაღალდი მიიჩნევა ტექსტურ გვერდად, თუმცა იგი არ ინომრება.
შესწორებები:
გადახაზვა, შეცდომის შესწორებისათვის სპეციალური სითხის გამოყენება - დისერტაციის ოფიციალური ასლებისათვის მიუღებელია.
გარდა ზემოთმოყვანილი ზოგადი წესების, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს შემდეგი მითითებები დისერტაციის ცალკეული შემადგენელი ნაწილებისათვის
დისერტაციის შესავალი ნაწილები
თავფურცელი (სატიტულო გვერდი): შეიცავს, როგორც წესი, სამუშაოს სრულ სათაურს, მის ფუნქციას, მაგ.: «სამაგისტრო შრომა», რომელი სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლადაა წარდგენილი, უნივერსიტეტის რომელი სკოლის საბჭოზე, აგრეთვე: ავტორისა და ხელმძღვანელის დასახელებას და თარიღს, ნიმუშისათვის მიმართეთ აფა-ის სახელმძღვანელოს.
საავტორო უფლებები